
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანის ინიციატივით, ახალშობილთა სასაჩუქრე „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ უმჯობესდება. პროგრამა სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის არის.
„სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ახლა უკვე ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20-ლარიან უფასო ვაუჩერებსა და 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებსაც მიიღებენ. ვაუჩერების განაღდება „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელში იქნება შესაძლებელი. ახალშობილის მშობელი 20 ლარის ფარგლებში საფენებს ან ბავშვისთვის საჭირო სხვა ნივთებს უფასოდ მიიღებს, 50-პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებს." - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, პროექტის − „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ − ფარგლებში დღემდე სასაჩუქრე ნაკრები 4130 მოსარგებლეს გადაეცა. კვლევის თანახმად, პროგრამის ბენეფიციარების 68.35% საჩუქრით კმაყოფილი იყო; 6,84% მიიჩნევდა, რომ პაკეტი გაუმჯობესებას არ საჭიროებს; 24.81%-მა კი ბავშვთა ჰიგიენისა და მოვლის პროდუქტების დამატების სურვილი გამოთქვა.