პირი რომელიც, ანტიჰომოფობიურ აქციაზე გამომსვლელ აქტივისტს თავს დაესხა, დაკავებულია სისხლის სამართლის წესით. იგი, 15 წლისაა.
გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის დადგენა - ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მათი თქმით, აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული.
"აქციამ შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი - ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, იგი უკვე დაკავებულია. თავისთავად ცხადია, გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით. გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია. ცხადია, დადგება ამ პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ამჟამად მიმდინარეობს ამ პიროვნებაზე უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება და იდენტიფიცირება და უფრო მეტ მონაცემებს მოგაწვდით ცოტა მოგვიანებით". - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ.
საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული.
მუხლი 126. ძალადობა (28.04.2006. N2937)
1. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,- ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.