თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ივლისში თბილისში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
საზაფხულო ბაღებში ბავშვების ჩარიცხვისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება. მსურველები რეგისტრაციის გავლას ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge შეძლებენ.
სააგანტოს ცნობით, საზაფხულო ბაღში ჩაირიცხებიან 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, მათ შორის ისინიც, ვინც არ არიან საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები. რეგისტრაცია თავისუფალი ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. ჯამში, საზაფხულო ბაღებში 13 000 აღსაზრდელის მიღება იქნება შესაძლებელი.
თბილისის ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წელი 29 ივნისს დასრულდება, თუმცა ივლისის განმავლობაში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
„საზაფხულო ბაღები წარმოადგენს თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივ სოციალურ პროექტს. მისი მიზანია, რომ ოჯახებს, რომლებიც ივლისში ვერ გადიან ქალაქგარეთ, მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით,“ - განმარტავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციის თარიღი და ბაღების ჩამონათვალი 18 მაისს გახდება ცნობილი.