ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
გიორგი გახარიამ მიმართვის დასაწყისში პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„სამართალდამცავების მხრიდან, ჯერჯერობით, უფლებამოსილების გადაჭარბების არანაირი ფაქტი არ წარმოუდგენიათ.“
გიორგი გახარიას თქმით, 3-თვიანი საგამოძიებო მოქმედებების დროს დადასტურდა, რომ კლუბის გარეთ და ასევე შიგნით სისტემატურად და ორგანიზებულად საღდებოდა ნარკოტიკული საშუალებები.
„20 საკონტროლო შესყიდვა განვახორციელეთ და როგორც კლუბის მიმდებარედ, ისე კლუბის შიგნით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტი დადასტურდა. არც ერთ იმ კლუბში, სადაც საკონტროლო შესყიდვით ნარკოტიკის შიგნით გასაღება არ დადასტურდა, არ შევსულვართ და არანაირი ღონისძიება არ გაგვიტარებია“.
მისი თქმით, ნარკოტიკების გაყიდვასთან კლუბების სისტემურ კავშირზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი დაკავებული ერთ-ერთი კლუბის ადმინისტრაციის წევრია.
„კლუბური მოდის წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა, როცა გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამ არ ხდება, ამ დროს კი ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ეს ხდება ორგანიზებულად და როცა კლუბის მფლობელის მხრიდან არც ერთი მიმართვა არ ყოფილა, რომ მოგვეხმარეთ ამ პრობლემის გადაჭრაში და როცა ვხედავ, რომ ეს ადამიანები კლუბებში უპრობლემოდ შედიან, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა.“
გახარიამ ისაუბრა არგუმენტებზე, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია 12 მაისს ღამით, „ივენთის" დაწყებამდე და რა სახის მტკიცებულებები ჰქონდა გამოძიებას.
„რატომ ჩატარდა ღონისძიება ასეთ დროს? 12 მაისს, ზუსტად კლუბური ცხოვრების დაწყების წინ ორი საათით ადრე დავაკავეთ 8 რეალიზატორი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს ხალხი დაგვეკავებინა კლუბების გარეთ. ეს იყო ჩვენი მიზანი. ერთმა უბრალოდ მიგვასწრო. ეს იყო ჩვეულებრივი მიზანი და არაფერი გასაკვირი აქ არ არის. ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა ადამიანების ჩხრეკაზე ამ კლუბში. შესაბამისად, ჩვენ შევედით იმ კლუბებში, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვქონდა ამ დაკავებების შედეგად, ერთი, და იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ვაგროვებდით. რატომ იყო ეს დრო არჩეული - მოგეხსენებათ, რომ ორშაბათს კლუბში შესვლა იქნებოდა გასაკვირი. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ის დრო, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა შეარჩია. კლუბური ცხოვრება იწყება 12 საათზე. ამ დროს იყო ხალხის მინიმალური რაოდენობა, მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში. ჩვენ შევედით და ამ ხალხს მოვუხადეთ ბოდიში და ვუთხარით, რომ 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თუ რამე უკანონო გაქვთ, ჩააბარეთ პოლიციას და მიბრძანდით“. - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ეს საგამოძიებო ღონისძიება დასაწყისია და მიზანი დიდი ორგანიზებული ქსელის გამოვლენაა.
„ეს ჩვენი საგამოძიებო ღონისძიება არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი, ეს არის პირველი ნაბიჯები იმ ქსელის გამოვლენისთვის. აქ ჩვენ მარტო არ ვმუშაობთ. ვმუშაობთ ევროპულ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელი, კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. ჩვენ დავინახეთ რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, შეიძლება, ეფექტიანად გამოიყენონ ნარკოვაჭრობისთვის პლატფორმად.“ - თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, განჩინება მხოლოდ ორ კლუბზე არ ჰქონდა და საგამოძიებო მოქმედებები ამ მიმართულებით გრძელდება.
„განჩინება არ გვქონდა მარტო ორზე, არამედ ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება და ჩვენ ვხედავდით მდგრად კავშირებს ადმინისტრაციასთან. რისი ბრალი იყო ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხვევაში, უკონტროლობის და ა.შ. შს სამინისტროს არ აინტერესებს. შს სამინისტრო ყოველთვის იქნება ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს იმას, თუ სად შევიდეთ და როგორ შევიდეთ. რა ფორმით ხდება ეს, ამაზე საზოგადოებრივი კონტროლის ნაწილში შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მზად ვართ. ის, რომ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი მაქსიმუმ 70 ადამიანს, რომელიც 12-დან 1-მდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში და ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, არის ერთმნიშვნელოვნად მეტი“.