
„გარკვეულწილად, მოხდა კლუბური ცხოვრებისა და ახალგაზრდების ერთი ნაწილის დემონიზება. ეს ფაქტია და ამას ჩვენ ვხედავდით როგორც სოციალური ქსელებით, ისე ქუჩაში...", - განაცხადა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.
ცქიტიშვილმა კითხვით მიმართა შს მინისტრს, პოლიტიკურად რამდენად იყო გათავისებული გადაწყვეტილების [კლუბებში სპეცოპერაციის] შედეგები.
„რამდენად იყო გათავისებული, ვინაიდან ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ დღეს რეფორმებთან ერთად ვაყალიბებთ ახალ რეპუტაციას. ძალიან დიდი რეპუტაციული კრიზისი ჰქონდა პოლიციას წლების განმავლობაში და დღეს ეს პოზიტიურისკენ შეიცვალა. ამ კონკრეტულ მოქმედებას კი შეიძლება პოლიტიკური ზიანი მოეტანა ან შეიძლება მოიტანა კიდეც პოლიციელების რეპუტაციების თვალსაზრისით. პოლიციელების როგორც სისტემის", - განაცხადა ცქიტიშვილმა.