ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, საქართველოს მთავრობა 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმაში არ ითვალისწინებს უსახლკარობის პრობლემას. ამიტომ EMC მიმართავს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, გამართონ საჯარო მოსმენა მთავრობის სამოქმედო გეგმაში საცხოვრებლის უფლების გაუთვალისწინებლობის საკითხზე.
„საქართველოში უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა, უსახლკარობის პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, არსებული სისტემა არ აღიარებს ამ საკითხის მნიშვნელობას, რაც საცხოვრებლის არმქონე ან მისი დაკარგვის რისკის წინაშე მდგომი შინამეურნეობების საჭიროებების უგულვებელყოფასა და უსახლკარობის პრობლემის საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან გარიყვაში გამოიხატება“ - წერს EMC და მიმართავს პარლამენტს, რომ ამ საკითხზე საჯარო მოსმენა გაიმართოს.
EMC პარლამენტს ასევე მოუწოდებს, რომ საქართველოს მთავრობას მიმართონ რეკომენდაციებით, რათა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების ეროვნული სტრატეგია ეფექტიანად აღსრულდეს და საცხოვრებლის უფლების საკითხი 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმაში სათანადოდ აისახოს.