ზვიად დევდარიანი, რომელიც ორი თვის წინ რამდენიმე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სარჩელს სასამართლოში 15 ივნისამდე წარადგენს და როგორც თავად ამბობს, პატივისა და ღირსების შელახვისთვის ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებს.
სწორედ ეს არის ვადა, რაც ამ სარჩელისთვისაა განსაზღვრული - გვითხრა დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.
„ლიბერალი" დაინტერესდა, რა ეტაპზეა ზვიად დევდარიანის საქმე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო.
ადვოკატი გვიყვება, რომ ის რამდენიმე ინსტიტუციის დასკვნებს ელის. პირველი, ეს არის ექსპერტიზის პასუხი.
4 აპრილს დევდარიანის ინტერესების დამცველმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სიდას ყოფილი ხელმძღვანელის ტელეფონიდან მიმოწერების ამოღებისა და იდენტიფიცირების მიზნით ოფიციალურად მიმართა. ამ ექსპერტიზის პასუხს გულისხმობს ადვოკატი.
გაბუნია, აგრეთვე“ ელის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას.
23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ამ მუხლის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.
"გამოძიება გრძელდება" - გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინიტროში.
კვლევა მიმდინარეობს სახალხო დამცველის ოფისშიც.
ომბუდსმენმა ჯერ კიდევ 19 მარტს განაცხადა, რომ დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში ფაქტებს პირადი ინიციატივით შეისწავლის. - „შესწავლის პროცესი ყველა მონაწილე მხარის ფუნდამენტური უფლებების, ღირსების, პატივისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვით წარიმართება". - ამბობდა მაშინ ნინო ლომჯარია.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათ ომბუდსმენს წერილითაც მიმართეს, მაგრამ ამ დრომდე დასკვნა არ არსებობს. სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოსაკითხად არ დაკავშირებიან თავად ზვიად დევდარიანს.
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს.