„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრების შეხვედრა ნარკოპოლიტიკის თემაზე დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი ზოიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას უმრავლესობა 7 ივნისამდე მიიღებს და გუნდში კონსენსუსის მისაღწევად შეხვედრები ისევ გაგრძელდება.
„ძალიან ბევრი პოზიცია დაახლოვდა, მაგრამ საბოლოოდ დამატებითი კოსულტაციები საჭირო იქნება. პრინციპული დაპირისპირება არ გამოკვეთილა მსჯელობისას გუნდის წევრებს შორის. ყველამ გამოთქვა თავისი აზრი. დაახლოვდა პოზიციები, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები დეტალებზე საჭირო იქნება. ყველა ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. მე შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება, იქნება შიდა კენჭისყრა, თუ საჭირო გახდა და რეალურად ჩვენ ყველა ვარიანტში მივიღებთ გადაწყვეტილებას. შესაძლოა, საჭირო გახდეს შიდა რეიტინგული კენჭისყრა, შეიძლება არ გახდეს. კონსესუსის მიღწევის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, მესმის საზოგადოების მაღალი ინტერესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გავაკეთოთ ამ პროცესის ტორპედირება." - განაცხადა კაკი ზოიძემ. მისივე თქმით, შემდეგ შეხვედრა, სავარუდოდ, ამ კვირაში გაიმართება.