
კაფე „გალერი" ოფიციალურად გაიხსნა. სამართლადამცავებმა შენობას ლუქი მოხსნეს და გასაღები მფლობელებს გადასცეს. კლუბის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ანთაძემ „ლიბერალის" ჟურნალისტს კლუბის გახსნის შესახებ ცნობა დაუდასტურა.
როგორც „ლიბერალის" ჟურნალისტს კლუბში უთხრეს, „გალერი“ დღეიდან, ბარი „ბლოუ“ (რომელიც შენობის მეორე სართულზეა) კი კვირის ბოლოს შეძლებენ სტუმრების მიღებას.
კლუბი „გალერი“ 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ დალუქული იყო და იქ საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროში დაკითხეს კლუბის ერთ-ერთი მფლობელი. 12 მაისის სპეცოპერაციის ღამეს შს სამინისტრომ 8 პირი ნარკორეალიზატორობის ბრალდებით დააკავა. აქედან ერთ-ერთი,უწყების ცნობით, კლუბ „გალერის" დაცვის უფროსი იყო.