
საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, არ დაესწრონ მოსკოვში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩს, თუ რუსეთი არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს სირიელების ქიმიური და სხვა სახის თავდასხმისგან დასაცავად.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, სირიის მთავრობის ძალებს იარაღითა და სამხედრო ძალებით ეხმარება, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომ სირიის სამთავრობო ძალები გამიზნულად ებრძვიან მოქალაქეებს 2013 წლიდან.
„ამ ღონისძიების მასპინძლობით რუსეთი ცდილობს მსოფლიო საზოგადოების კეთილგანწყობისა და პატივისცემის მოპოვებას. მსოფლიო ლიდერებმა უნდა გაუგზავნონ სიგნალი პრეზიდენტ პუტინს, რომ ვიდრე ის თავის პოლიტიკას არ შეცვლის და არ გადადგამს ნაბიჯებს, რომ სირიაში დასრულდეს რუსი და სირიელი სამხედროების საშინელი ქმედებები, ისინი არ დასხდებიან VIP-ლოჟაში გახსნის მატჩზე“,- აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კენეტ როტი.
საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთი სირიის ხელისუფლების მთავარი სამხედრო მხარდამჭერია და ის, როგორც ამ სამხედრო ალიანსის წევრი, პასუხისმგებელია ძალადობაზე, რომელსაც სირიის ხელისუფლება ახორციელებს.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება. გახსნის მატჩზე ერთმანეთს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.