არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე ახალი ფაქტების შესწავლასა და მირზა სუბელიანის დაკითხვას მოითხოვს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 19 მაისს „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეს ეხებოდა.
„სიუჟეტში ცალსახად და დადასტურებულად იკვეთება ცალკეული პირების დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, გამოქვეყნებული ვიდეოკამერის ჩანაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი დანაშაულის შემდეგ, სიუჟეტში ნახსენები პირები აქტიურად ცდილობდნენ, გაენადგურებინათ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გარკვეულწილად მოახერხეს კიდეც.
გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია მძიმე დანაშაულის შესახებ, სიუჟეტში ნახსენებმა დამალეს დანაშული. უფრო მეტიც - ცდილობდნენ გადაემალათ დანაშაულის ჩამდენი პირები, მათი პასუხისგებიდან არიდების მიზნით.
მ.კ.-ს სახლთან არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერებიდან ნათლად დასტურდება, რომ შემთხვევის შემდეგ პროკურატურის მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იმყოფებოდა მ.კ.-ს ოჯახში. მას შემდეგ, რაც იგი ტოვებს ამ ოჯახს, დაახლოებით ერთ წუთში ეზოდან გადის ავტომანქანა, რომელშიც მ.კ. და ერთ-ერთი ბრალდებული იმყოფებიან. აღნიშნული ადასტურებს მირზა სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობას დამნაშავე პირების დამალვასა და პასუხისმგებლობის მათთვის არიდების გეგმის შემუშავებასა და შესრულებაში.
კიდევ ერთი პირი, რომლის სავარაუდო მონაწილეობაც იკვეთება აღნიშნულ საქმეში გიორგი თურქიაა. მისი ავტომანქანაც არაერთხელ ფიგურირებს კადრებში“,- აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, დავით სარალიძის მამამ წერილობით მიმართა მთავარ პროკურატურას და „შაბათის კურიერში“ გასულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით სასწრაფო რეაგირება მოითხოვა.