„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის, ნინო გუჯარაიძის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ ძალაში დარჩება, თუმცა ვადა აქვს ამოწურული მშენებლობის ნებართვას.
ამის გამო, მისი თქმით, თუკი კომპანია კვლავ დაეყრდნობა ამ ზონალურ შეთანხმებას, ხელახლა უნდა მოითხოვოს მშენებლობის ნებართვა.
მშენებლობის ნებართვა 2013 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით გაიცა.
გუჯარაიძე ამბობს, რომ მერიამ თავი უნდა შეიკავოს მშენებლობის ნებართვის გაცემისგან შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, ვინაიდან ვაკის პარკში უნდა დაიწყოს სასტუმროს მშენებლობა, მეორე მხრივ, მათ აქვთ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების საშუალება, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ.
ამასთან, როგორც ირკვევა 2016 წლის აგვისტოში, სანამ მშენებლობის ნებართვას ვადა ამოეწურებოდა, ინვესტორს მიმართული აქვს მერიისადმი მშენებლობის ნებართვის გაგრძელების შესახებ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდის მიხედვით, მერიამ ეს განცხადება განუხილველად დატოვა.
„ლიბერალი“ ესაუბრა შპს „გრაალის“ წარმომადგენელ თეიმურაზ ხონელიძეს. მისი თქმით, კომპანიას მშენებლობის ახალი ნებართვა არ სჭირდება, რადგან 2016 წლის აგვისტოში ნებართვის გაგრძელებაზე განცხადების სამართლებრივი ნაწილი დასრულებული არ არის. მისივე თქმით, კომპანია 2013 წელს მიღებული ნებართვის გასაგრძელებლად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2013 წელს მიღებული ნებართვის გაგრძელებაზე მსჯელობა მერიაში დასრულებული არ არის“, - განუცხადა „ლიბერალს" თეიმურაზ ხონელიძემ.
თუმცა, როგორც „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე განმარტავს, მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მერიამ ინვერსტორს 2013 წელს მიღებული ნებართვის გაგრძელებაზე დამატებითი ნებართვის წარდგენა დაავალა განმცხადებელს, თუმცა კომპანიამ ის ვერ წარადგინა, რის გამოც მერიამ განაცხადება დაახარვეზა და ნებართვის გაგრძელებაზე კომპანიის მოთხოვნა განუხილველად დატოვა.
ცინცაბაძის თქმით, კანონდებლობით, ეს ნიშნავს, რომ 2013 წელს მიღებული ნებართვა დაკარგული აქვს კომპანიას, ის მას ვეღარ განაახლებს და ახალი ნებართვის აღება მოუწევს.
„ლიბერალი" ასევე დაუკავშირდა თბილისის მერიას 2013 წელს მიღებული ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებით. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.