
„გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი! “ - ხვალ თბილისში მოკლე ფილმების მარათონი სახელწოდებით ParaShoot იხსნება. მარათონს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ატარებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას.
ParaShoot-ში მონაწილეობს მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათი აქვთ იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე და ამბიცია, რომ მათი ნამუშევრის შედეგად სულ ცოტა ერთი პარაშუტი მაინც გაიხსნება.
„ფილმი ეს არის მედიუმი, რომელიც გაძლევს საშუალებას დაინახო, გაიგონო და იგრძნო ის, რასაც სხვა ხედავს, ესმის და გრძნობს. ParaShoot საშუალებას მისცემს ნებისმიერი გამოცდილებისა და უნარის მქონე კინემატოგრაფისტებს საქართველო უკეთეს ადგილად აქციონ. ეს იქნება ახალი ტალანტების აღმოჩენის შესაძლებლობაც“ - ამბობს დემიან უემპლერი - აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე.
ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება.
ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal?
ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა. პარტნიორები არიან USAID ის პროექტი, ზრდა საქართველოში, თიბისი ბანკი, Arttime/არტ თაიმი, კინოთეატრი ამირანი, იბერი, კინოსტუდია ქართული ფილმი, ქართული კინოკლასტერი, ვისმინო, ველი, ახალი მზიური, მულტიმედია განათლების ცენტრი, ბაკურიანი, რედბული, on.ge, ლიბერალი და Hello Magazine საქართველო.