დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, ალან დუნკანი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოში შემავალი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებლობის“ აღიარება აბსოლუტურად მიუღებელია.
2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენების შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები ეგრეთ წოდებულ „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნო და ამით უხეშად დაარღვია საქართველოს სუვერენიტეტი. რუსეთი თავისი ქმედებებით ახლაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უფლების უგულებელყოფას.
ეს ქმედება ხელს არ შეუწყობს პროცესების მშვიდობიანად წარმართვას. სირიის რეჟიმი და რუსეთი კვლავ აგრესიულად ცდილობენ ნორმებზე დამკვიდრებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას“,-ნათქვამია დუნკანის განცხადებაში.
ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხაზგასმით უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთგული რჩება გაეროს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციისა, რომელიც აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადასტურებული საზღვრების ფარგლებში.