დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, სასამართლოს ამ განაჩენით, დადგინდა, რომ უცნობია, ვინ მოკლა სარალიძე. ასევე გამოჩნდა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა სწორი პოზიცია და გამოძიება ობიექტურად არ იყო ჩატარებული.
„ამ განაჩენით სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ არ არის ცნობილი, ვინ მოკლა დავით სარალიძე, ვინ მიაყენა მას სასიკვდილო ჭრილობები.
სამხარაულის ექსპერტიზამ, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 5-ვე შემავალი ჭრილობიდან არც ერთი არ მიუყენებია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.
სარალიძესთან მიმართებით ასევე გამართლდა კანონთან კონფლიქტში მყოფი მეორე არასრულწლოვანიც. შესაბამისად, უცნობია, ვინ მოკლა ის.
გამოძიება არ არის ყოვლისმომცველად და ობიექტურად ნაწარმოები, შესაბამისად, არ ვიცი როგორ მოიქცევა შემდეგ პროკურატურა. დადგინდა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა სწორი პოზიცია, ფაქტობრივად დადგინდა, რომ ნამდვილი მკვლელები გარეთ არიან“, - უთხრა ადვოკატმა „რუსთავი 2-ს“.
ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დათო სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული გაამართლა - მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედებოდა ბრალად, და მკვლელობის მცდელობით შეუცვალა.
განაჩენი მოსამართლე, ეკა არეშიძემ გამოაცხადა.
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.