„ვის მიმართაც არ მტკიცდება ბრალი, ჩვენ დასჯას არ ვითხოვთ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. მოუმზადებელია საქმე და დასასჯელია კიდევ არაერთი პირი. მიგვაჩნია, რომ მოსამართლემ გადადგა ეს ნაბიჯი და მიანიშნა პროკურატურას, რომ გამოსაძიებელი აქვს ეს საქმე და მკვლელობაში მონაწილე პირები პროკურატურას იდენტიფიცირებული არ ჰყავს", - განაცხადა სალარიძის ოჯახის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
„ეს განაჩენი კიდევ ერთხელ მეტყველებს პროკურატურის უსუსურობაზე, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. ამ განაჩენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დავით სარალიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს ვერ დასაბუთდა. მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდა, სრულ სიმართლეს ხედავდა საქმეში. ახლა, უბრალოდ, მაინტერესებს, პროკურატურა რა პასუხს გაგვცემს ამ განაჩენთან დაკავშირებით.
საქმის ვითარება, ექსპერტიზის დასკვნები, პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ დავით სარალიძესთან მიმართებაში გამოყენებული იყო არაერთი იარაღი, ხოლო დღეს გვყავს ერთ-ერთი ბრალდებული ამ საქმესთან მიმართებაში, რომელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი. ეს ადასტურებს იმას, რომ საქმე ისე გადაეცა სასამართლოს, რომ გამოძიება სრულყოფილად არ იყო წარმართული. კიდევ ერთხელ მივმართავ მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმით. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, მოვითხოვთ სრული სიმართლის დადგენას“, - აცხადებს ადვოკატი.
------------------------------------
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამართლა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.
კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მუხლი განზრახ მკვლელობიდან განზრახ სხეულის დაზიანებად გადაკვალიფიცირდა.
„დადუნაშვილის ნაწილში გამტყუნდა. სარალიძის ნაწილში ფაქტიურად მკვლელი დადგენილი არ არის და ჩვენც გაგვიჩნდა პროტესტის განცდა", - განაცხადა ადვოკატმა.