ხორავას საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მთავარმა პროკურორმა ბრიფინგი გამართა. პროკურორის თქმით, მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ასევე, საქმეზე ახალი დეტალების გამოსაძიებლად აპირებენ, ჩართონ უცხოელი პროკურორები და დანიშნონ საერთაშორისო ექსპერტიზა.
„ჩვენთვის ეს განაჩენი მიუღებელი და გაუგებარია. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების გაუზიარებლობა არის გაუგებარი. ჩვენ ვხედავთ, რომ კითხვები არსებობს ამ გამოძიებაზე. ჩემთვის პირადად, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ არ დარჩეს ეს კითხვები უპასუხოდ. რაც კითხვები გაჩნდა, მას შემდეგ ვცდილობ, შევხვედროდი ბატონ ზაზა სარალიძეს. მე მინდოდა, გულწრფელად გვესაუბრა და იმედი მაქვს, რომ მომეცემა ამის შესაძლებლობა. მინდოდა, შემთავაზებინა ის ქმედებები, რის გაჟღერებასაც ახლა ვაპირებ." - განაცხადა შოთაძემ.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საექსპერტო ბიუროსთან. ჩვენ ვხედავთ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში და შესაბამისად, ჩვენ არ ვხდით საეჭვოდ სამხარაულის ექსპერტიზას, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას გაეცეს ყველა პასუხი, ჩვენ შევთანხმდით ქალაქ ლოზანის ბიუროსთან, რომ ექსპერტიზა ჩატარდება შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. გადაეგზავნებათ ყველა მტკიცებულება და საექსპერტო ნიმუში და საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ. ჩვენ ზაზა სარალიძეს ვთავაზობთ, ადვოკატთან ერთად ნებისმიერი საკითხი და კითხვა დაუსვას შვეიცარიის საექსპერტო ბიუროს." - განაცხადა პროკურორმა.
„მეორე, ჩვენ ვხედავთ საზოგადოებაში, რომ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთან. ყველა საპროცესო მოქმედება მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, აგვეხსნა დაზარალებულებისთვის, რას ვაკეთებდით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ უცხოელი პროკურორები. ზაზა სარალიძიეს მიეცემა საშუალება, უშუალოდ იმუშაოს ამ პროკურორებთან ერთად.
ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არანაირ პასუხისმგებლობას არ ვემალები და პასუხისმგებელი ვარ თითოეული პროკურორის საქმიანობაზე. გამოძიებამ და პროკურატურამ ამ ეტაპზე ყველაფერი გააკეთა." - განაცხადა შოთაძემ.