ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ ენდობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში საქმის გამოძიების ინიციატივას, რადგან საქმის მასალები გაყალბებულია. ის მოითხოვს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებიც, მისი თქმით, საქმის გაყალებებაში მონაწილეობდნენ.
„მოვითხოვ, დღესვე მიეცეს პასუხისგებაში შოთაძე, დღესვე მიეცეს პასუხისგებაში კაპანაძე, დღესვე მიეცნენ პასუხისგებაში ამ საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე და გუგუშვილი. დღესვე მიეცეს პასუხისგებაში ყველა გამყალბებელი, ვინც გასცა ბრძანება ფარდულის დანგრევის, ასევე, მირზა სუბელიანი“, - განაცხადა სარალიძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა საკითხებს განიხილავს ის შოთაძესთან შეხვედრის დროს, განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამაზე საჯაროდ არ საუბრობს. როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძემ შოთაძესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოხატა საჯაროდ. მისივე თქმით, ის მთავარ პროკურორს სხვა შვილმკვდარ მშობლებთან ერთად შეხვდება, ასევე, მედიის მონაწილეობთ.
სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება საქმის გამოძიებაში.
„სასამართლოს განაჩენის გათვალისწინებით, გაჩნდა კითხვები მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდისთვის ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება ამ საქმის გამოძიებაში და შეიქმნება დროებითი საგამოძიებო საგამოძიებო კომისია." - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.