თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურასთან მივიდა და მოკლული დავით სარალიძის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„მე ჩამოსული ვარ აქ იმიტომ, რომ ზაზას დავუდგე გვერდით და ვიდგები იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
-
თბილისის მთავარ პროკურატურასთან აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც მოკლული დავით სარალიძის მამამ და მისმა მხარდამჭერებმა დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გადაინაცვლეს.
ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორისა და საქმის პროკურორების გათავისუფლებას და ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის დაკავებას მოითხოვს.
-
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.
კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს.
--
პროკურატურასთან აქციის დაწყების შემდეგ დღეს, 2 საათზე ბრიფინგი გამართა ირაკლი შოთაძემ. პროკურორის თქმით, მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ასევე, საქმეზე ახალი დეტალების გამოსაძიებლად აპირებენ, ჩართონ უცხოელი პროკურორები და დანიშნონ საერთაშორისო ექსპერტიზა.
პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ პოზიცია არ შეუცვლია ზაზა სარალიძეს. მისი თქმით, მტკიცებულებები აღარ არსებობს და საერთაშორისო ექსპერტიზა ახალს ვერაფერს დაადგენს, ამიტომ მისი მოთხოვნები შოთაძის ბრიფინგის შემდეგ არ შეცვლილა. ზაზა სარალიძემ საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდა და დღეს, 7 საათზე მთავარი პროკურატურის შენობასთან მისვლა სთხოვა.