
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, დღევანდელი პროცესი აჩვენებს, რომ საზოგადოება პროკურატურას ვერ ენდობა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს, მაგრამ ის რაც დღეს თბილისში ხდება საზოგადოების პროკურატურის მიმართ ნდობის ღრმა კრიზისზე მეტყველებს, რაც არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს. პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად დადებს ობიექტურ შედეგს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.