საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი „პროკურატურის შესახებ" კანონით რეგულირდება.
კანონის თანახმად, მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.
აღნიშნული კონსულტაციები 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.
2. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარადგენს სხვა კანდიდატურებს.
3. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას არ განაცხადებს, იუსტიციის მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.
4. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.
5. თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს, მეორდება ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან შეკრებილი ხალხის მოთხოვნით, რამდენიმე წუთის წინ გადადგა თანამდებობიდან.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.