ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართება. პარლამენტისკენ მსვლელობას მხარდაჭერას უცხადებენ შემხვედრი მძღოლებიც.
მთავარ პროკურატურასთან დაწყებული აქცია პარლამენტთან გაგრძელდება. ამ მოწოდებით ზაზა სარალიძის მხარდამჭერებს ზვიად კუპრავამ მიმართა.
მიმართვისას კუპრავამ განაცხადა, რომ შოთაძის გადადგომის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ დაშლას, რადგან მათი მოთხოვნაა შოთაძის, საქმის პროკურორებისა და მირზა სუბელიანის დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემა.
ასევე, კუპრავას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც სხვა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და სწორედ ამ ჯგუფმა შეარჩიოს პროკურორობის ახალი კანდიდატი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დანიშნავს.