პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა ღირსეული გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როცა რაიმე დანაშაული ან გადაცდომა იყო დამტკიცებული მის მიმართ, არამედ გადადგა იმ პირობებში, როცა გაჩნდა ეჭვი გარკვეული ხარვეზების შესახებ.
„მინდა, მას მადლობა ვუთხრა ამისთვის. ამ გადაწყვეტილებით მან კიდევ ერთხელ აჩვენა სტანდარტი, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხელისუფლებაში. ეს არის საერთო სურათი, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, პროცესი. მთავარია, აღსრულდეს სამართალი ამ საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არავითარი სუბიექტური ინტერესი ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებით არ გვაქვს.
ერთადერთი სუბიექტური და ობიექტური ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ სამართალი აღსრულდეს. რაც ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის.
მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. ცხადია, რომ როდესაც ორი ადამიანი, არასრულწლოვანია მოკლული, ერთ შემთხევაში დგება სრული განაჩენი და მეორე შემთხვევაში მცდელობაზე. აშკარაა, რომ არსებობს ხარვეზი. ეს ხარვეზი შეიძლება იყოს მოსამართლის ხარვეზი ან პროკურატურის მიერ მომზადებული საქმის ხარვეზი. არის ორი ვარიანტი. ჩვენი ამოცანაა, ვიმსჯელოთ იმაზე, ვისმა ხარვეზმა გამოიწვია ის შედეგი, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს," - ამბობს ირაკლი კობახიძე.
თბილისის მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ აქცია-მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყო. პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში მიმდინარეობს აქცია, რომელზეც მოკლული დავით სარალიძის მამა და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან.
-
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
-
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა.
კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს.