ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილის და დათო სარალიძის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძემ სასჯელის ზომები გამოაცხადა.
გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა - 10 წელი და 6 თვე.
გ.ჯ.-ს დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მიესაჯა - 9 წელი და 9 თვე.
(როგორც არასრულწლოვნებს, ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულებს, სასჯელები ერთი მეოთხედით შეუმცირდათ. ზემოთ მოყვანილი სასჯელის ზომები სწორედ ამ მეოთხედის ჩამოკლების შემდეგ მიღებული საბოლოო სასჯელებია).
გუშინ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლა - მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედებოდა ბრალად, და მკვლელობის მცდელობით შეუცვალა.
განაჩენს ხმაური მოჰყვა, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ მოსახლეობას მოუწოდა მის გვერდით დამდგარიყვნენ. ხმაური მასშტაბურ საპროტესტო ტალღად იქცა, რასაც მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა.
ამის შემდეგ აქციამ პარლამენტის წინ გადმოინაცვლა, სადაც დემონსტრაციის მონაწილეებმა უკვე მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, აქციაზე მივიდა პრემიერ-მინისტრი, თუმცა მას შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს და ბოთლები დაუშინეს. მოგვიანებით პრემიერმა ბრიფინგი კანცელარიაში გამართა და თქვა, რომ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებს.
აქცია დღეს 4 საათზე განახლდება.
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.