საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახმა პროკურატურისგან გამსახურდიას საქმის მასალების მიღების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები საქმის გამოძიებას მოითხოვენ.
„1994 წლიდან დღემდე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესის იმიტაცია. სისტემა არ აპირებს, გამოიძიოს ეს საქმე და შეიძლება ითქვას, საქართველოს პირველი პრეზიდენტი და იმ სახელმწიფოებრიობის შემოქმედი, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, არის იმ ანტიადამიანური სისტემის პირველი მსხვერპლი, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოში“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გამსახურდიების ადვოკატის თქმით, პროკურატურამ უკვე მესამე წელია, გამსახურდიას საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქმის გამოძიება რეალურად არ მიმდინარეობს.
ცოტნე გამსახურდიას თქმით, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მონაწილე პირი დღეს საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობს და შესაძლოა, ეს არის იმის მიზეზიც, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებით დაინტერესებული არ არის.