გერმანიის ერთ-ერთი ზოოპარკიდან გაქცეულია ორი ლომი, ორი ვეფხვი და იაგუარი. ინფორმაციას გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
დასავლეთ გერმანიის ქალაქ ლუნებახიდან ცხოველები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერ წვიმას წყალდიდობა მოჰყვა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სახლებში დარჩნენ.
ლომებსა და ვეფხვებთან ერთად ზოოპარკიდან გაქცევას ცდილობდა ერთი დათვიც, რომელიც მოკლეს.
კერძო ზოოპარკის ვებვერდის მიხედვით, „ეიფელის ზოოპარკი“ ქალაქ ლუნებახში 1965 წელს დაარსდა, მაშინ დაწესებულებაში მხოლოდ ძაღლები, ვირები და გარეული ღორი ჰყავდათ. ახლა ზოოპარკის ბინადარი 400 ცხოველია და მას ყოველწლიურად 70 000-მდე დამთვალიერებელი ჰყავს.