ესპანეთის პარლამენტმა სახელობითი კენჭისყრის შემდეგ მარიანო რახოი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. რახოი ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ამ ტიპის კენჭისყრაში დამარცხდა.
მარიანო რახოის სოციალისტების ლიდერი პედრო სანჩესი ჩაანაცვლებს. „ჩვენ ქვეყნის დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადავშალეთ“, - განაცხადა სანჩესმა კენჭისყრის შემდეგ.
კონსერვატორების ლიდერი პრემიერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებდა. „ჩემთვის საამაყოა, რომ შემცვლელს იმაზე უკეთეს ესპანეთს ვუტოვებ, ვიდრე ჩემი მოსვლის დროს იყო“, - თქვა რახოიმ კენჭისყრაში დამარცხების შემდეგ.
პედრო სანჩესმა უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მას მცირე წარმომადგნელობით შესული პარტიები მიემხრნენ, მათ შორის ბასკების ნაციონალისტური პარტია, რომლისგანაც სოციალისტების ლიდერმა 180 ხმა მიიღო.
სანჩესის განცხადებით, რახოიმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავისი მთავრობის ყოფილი წევრის გარშემო ატეხილ სკანდალზე. რახოის მთავრობის ყოფილ წევრს ფულის გათეთრებისა და სხვა ფინანსური დანაშაულებისთვის ესპანეთის სასამართლომ 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კორუფციაზე ბრალდებების გამო ესპანეთის პარლამენტში მხარდაჭერას კარგავს როგორც რახოის, ისე სანჩესის პარტიები და შედარებით მომცრო პარტიების ელექტორატი მცირდება. სანჩესის პარტია ამჟამად პარლამენტში მანდატების მეოთხედზე ნაკლებს ფლობს, თუმცა სოციალისტების ლიდერმა თავის გარშემო ძალების კონსოლიდირება მოახერხა და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.