
ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ტელეკომპანიამ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ, რომელშიც შემთხვევის დეტალებზეა საუბარი. მან სთხოვა ტელეკომპანიას, რაც შეიძლება მალე გაუშვან ფილმი ეთერში, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ამ დეტალების შესახებ. იგივე მოთხოვნა ჰქონდა ზაზა სარალიძეს ორი დღის წინ მთავარ პროკურატურასთანაც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „გამომძიებელი რეპორტიორი“ ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობს. პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლია ტოკლიკიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ფილმის ძირითადი ნაწილი მომზადებულია, თუმცა გადამღები ჯგუფი ამ წუთებშიც მუშაობს ერთ-ერთ მოწმესთან. მისივე თქმით, ფილმი უახლოეს მომავალში გავა ეთერში.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, მათ არანაირი ხელის შეშლა ფილმის ეთერში გაშვებაზე არ ჰქონიათ, პირიქით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს და აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. ლია ტოკლიკიშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ფილმი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ როგორც კი მზად იქნება, გავა ეთერში და ამ პროცესს ხელს არავინ არ უშლის.