"ზაზა ვნერვიულობთ შენზე, სად ხარ, ხომ კარგად ხარ, გაგვაგებინე როგორ ხარ". - მიმართა ზაზა სარალიძეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციიდან.
მალხაზ მაჩალიკაშვილის შემდეგ აქციაზე სიტყვით გამოვიდა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, არ იციან სად იმყოფება ზაზა სარალიძე :“ ზაზა, ახლა თუ გვიყურებ, გამოჩნდი. ჩვენ ბოლომდე შენს გვერდით ვიქნებით და არავის დავაჩაგვრინებთ შენს თავს".
ერთი საათის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, მას ზაზა სარალიძემ დიდი ხნის წინ მისწერა რომ აქციაზე მოდიოდა.
"და რადგანაც დაიგვიანა, დავრეკე ომბუდსმენთან და იქ მითხრეს, რომ ზაზა სარალიძე სახალხო დამცველის ოფისში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს". - თქვა ზვიად კუპრავამ.
ეს ინფორმაცია "ლიბერალმა" ომბუდსმენის ოფისში გადაამოწმა, სადაც განგვიცხადეს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, და სარალიძე მათ ოფისში არ არის.
სარალიძე დღეს იმყოფებოდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“.
სარალიძის ამ აქციაზე მისვლის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ის გაემიჯნა რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციას. კუპრავას თქმით, სარალიძე აქციას შეუერთდება. თუმცა ის ამ დრომდე არ გამოჩენილა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.