„პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს“,- ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის კომენტარში.
„ამასთან, 1 ივნისს, მთავრობის მეთაური, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შეხვდა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, რომლისგანაც მოისმინა დამატებითი ინფორმაცია ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე არსებულ კითხვებთან დაკავშირებით.
გუშინ კი, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შესახებ.
ამ ეტაპზე აუცილებელია არსებული ინსტიტუციური ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს; მათი სურვილის შემთხვევაში - სახალხო დამცველთან ერთადაც.
მედიას კი, მიეცემა შესაძლებლობა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩაწეროს აღნიშნული შეხვედრის მონაწილეთა კომენტარები“, -აცხადებენ პრესსამსახურში.
გუშინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მას სურს ხვალ, 2 საათზე პრემიერ-მინისტრს კანცელარიაში შეხვდეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ოპოზიციის ლიდერები ზაზა სარალიძესთან ერთად მივლენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე და მას მთავრობის გადადგომის გეგმაზე დაელაპარაკებიან.