მეტროს გაფიცული მემანქანეები პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატებს - ბექა ნაცვლიშვილსა და ოთარ გრიგოლიას შეხვდნენ.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და ნაცვლიშვილსა და გრიგოლიას თავიანთი მოთხოვნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ბექა ნაცვლიშვილმა გაფიცულ მემანქანეებს შესთავაზა, თუ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, შუამავლის როლი შეასრულოს. მემანქანეები დეპუტატის ამ ინიციატივას დაეთანხმნენ და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
„ისინი დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება დავძლიოთ ეს კრიზისი და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ისინი ცდილობენ, საერთო ენა იპოვონ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ჩვენ ამაზე მზაობა გამოვთქვით. ჩვენ მოლაპარაკებებს არ გავურბივართ და ყოველთვის მზად ვართ, მოლაპარაკების გზით გადაიჭრას ეს პრობლემა. დღევანდელი გაფიცვაც იმის გამოა, რომ მთი მხრიდან ძალიან ხისტი განცხადებები გაკეთდა. ნაცვლიშვილი და გრიგოლია შეეცდებიან, ჩვენი პრობლემები ზემდგომებამდე მიიტანონ და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მემანქანემ.
მისი ინფორმაციით, მემანქანეებმა საწყის ნაბიჯად იმ ბარიკადის აღება ითხოვეს, რომელიც მათ სამუშაო ადგილიდან აშორებთ და გაფიცვა ქუჩაში უწევთ. რაც შეეხება მოლაპარაკების ძირითად საკითხს, მემანქანის განმარტებით, მათი მოთხოვნა უცვლელია.
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.