იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, თუმცა საკითხი დღეს გამართულ სხდომაზე კენჭისყრაზე არ დადგა.
კომიტეტის თანმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, საბოლოოდ შეჯერდეს პოზიციები და ამის შემდეგ პროექტს კომიტეტი კენჭს უყრის.
დღეს გამართულ სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კომიტეტის წევრებს კანონპროექტის არსი პრინციპების დონეზე გააცნო. მისი თქმით, პროექტის ინიცირებულ ვარიანტში რიგ საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები შეიტანეს [საზღვის კვეთასთან და გასაღება-გავრცელებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე].
ზოიძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა არის საკითხები, რომელიც ჯერჯერობით შეჯერებული არაა, მათ შორის ნარკოტიკის მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
„ჩვენ პრინციპულად, პოლიტიკურად შევთანხმდით გუნდში, რომ საპატიმრო სასჯელით ადამიანი მხოლოდ მოხმარებისთვის არ უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ფორმები, ვადები თუ როგორ მოხდება ეს, ამაზე შეთანხმება არ მიგვიღწევია, ამაზე ისევ უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა ზოიძემ.
--
პარლამენტში ერთი წლის წინ, ივნისის თვეში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის ინიცირებული ვარიანტიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. ინიცირებული ვარიანტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ახლავს სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.
დეკემბერში, ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. იურიდიულ კომიტეტში კანონპროექტის განხილვა კი რამდენჯერმე გადავადდა.