ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეიქმნება დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
„ევროპულმა საქართველომ“ კაპანაძე შიდაკონსულტაციის შემდეგ წარადგინა. კომისიაში „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობა შევა. საპარლამენტო უმცირესობას 17-კაციან ჯგუფში 9 წევრი ეყოლება: ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძე, ოთო კახიძე, ირმა ნადირაშვილი, ირაკლი აბესაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და სერგო რატიანი.
კომისიაში იქნება საპარლამენტო უმრავლესობა და „პატრიოტთა ალიანსიც“.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 6 ივნისს დაამტკიცებენ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა „ევროპულმა საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ მოითხოვა. ისინი ამით გამოეხმაურნენ ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამის მოთხოვნას, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე სრულფასოვნად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული.