ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მწერლები, გამომცემლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას მართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე
„სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმე საშიშ ფაზაში შევიდა. სამხილების აშკარა ფალსიფიკაციით და ჩინოსნების შვილებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემით ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა მომავალში დაუსჯელობის სინდრომის გაძლიერებას. საქმის ამგვარად წამართვის შედეგად, პროკურატურამ, ფაქტობრივად, მკვლელობის ლიცენზია გასცა - მაღალჩინოსნის შვილებს მომავალშიც შეეძლებათ მოკლან ჩვენი დები, ძმები და შვილები - მათ პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან ეს ჩამყაყებული სისტემა თვითშენახვის ასეთი მახინჯი პრინციპით მუშაობს.
შვილმოკლული ზაზა სარალიძე ითხოვს სამართალს და მას სჭირდება უპირობო მხარდაჭერა. ამის ნაცვლად კი, ერთი მხრივ, პოლიტიკური რელიქტები მამის ტრაგედიას იყენებენ რეაბილიტაციისთვის, რითაც მთავარ იდეას ასცდნენ და მოძალადე სისტემაში რეალური ცვლილებების შანსი მინიმუმამდე შეამცირეს. და მეორე მხრივ, ხელისუფლება, ნაცვლად საქმის გამოძიებისა, ორგანიზებულად ხელს აფარებს მკვლელებს და დაღუპული მოზარდის მამის წინააღმდეგ სუს-ის და შსს-ს ტროლების მეშვეობით უბინძურეს კამპანიას ეწევა.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კრებითი შოთაძეების გადანაცვლებით სისტემა არ შეიცვლება. საქმის პროკურატურიდან შსს-ში გადატანა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელისუფლება ვერც კი აცნობიერებს პრობლემის სიმწვავეს და იმას, რომ მხოლოდ ამ გზებით სისტემურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. და თუ აცნობიერებს, მაშინ ეს ნაბიჯი უკიდურესად ცინიკურ ჟესტად შეიძლება მივიღოთ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ წულუკიანის მადლობას შოთაძის მიმართ, რაც მიუთითებს მის სრულ არაადეკვატურობასა და იწვევს ჩვენს უნდობლობას. ჩვენთვის მიუღებელია, რომ მან წარადგინოს საქართველოს ახალი პროკურორი, რომლის მიმართ რეალური ცვლილების მოლოდინია.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ გვჭირდება პროკურორი, რომელსაც ექნება სახალხო მანდატი და არ იქნება ხელისუფლების ბნელი ზრახვების ასრულებაზე დაპროგრამებული რობოტი. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც მოახერხებს, სამართლიანობის განცდა დაუბრუნოს ხალხს და განსაკუთრებით - შვილმოკლულ ოჯახებს. ხელისუფლებაში ნდობის ასეთი კაპიტალის მქონე ადამიანი აღარ დარჩა, ამიტომ ის უნდა აირჩეს გარედან, საზოგადოების ფართო კონსენსუსის შედეგად.
ჩვენი უპირობო სოლიდარობა ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს!“