
შესწორება: თავდაპირველ ტექსტში ეწერა, რომ „აუდიტორია 115“ მერიისკენ მსვლელობას იწყებს, როგორც თავად მოძრაობას ჰქონდა დაანონსებული. მაგრამ „აუდიტორია 115“-მა დღეს მერიისკენ მსვლელობა აღარ გამართა.
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მეტროს გაფიცულ მემანქანეებს სოლიდარობას უცხადებს და აქციას მართავს. საპროტესტო აქცია თსუ-ის პირველ კორპუსთან იმართება.
„დედაქალაქის ხელმძღვანელობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობს მშრომელთა ლეგიტიმური მოთხოვნების იგნორირებას.
კახა კალაძე გაურბის საკუთარ პასუხისმგებლობას და ქალაქში წარმოქმნილი სატრანსპოტო კოლაფსის მოგვარებას მემანქანეებსა და სხვა დაბალანაზღაურებად საჯარო მოსამსახურეებს (პოლიციელები, ექიმები, მეხანძრე-მაშველები) შორის კონფლიქტის გაღვივებით ცდილობს.
კონფლიქტის საფუძვლად იგი მემანქანეებისა და სხვა საჯარო მოსამსახურეების ხელფასთა შორის სხვაობას იყენებს. ქალაქის მერის მეორე მიზანი მემანქანეებსა და მგზავრებს შორის დაპირისპირების წარმოქმნაა. მუნიციპალური მთავრობა მგზავრთათვის შექმნის დისკომფორტს, მეტროს გაჩერებას ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულებს აბრალებს და არა საკუთარ თავს“, - ნათქვამია „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში.
„აუდიტორია 115“-ის განცხადებით, მეტროს მემანქანეებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა და ამის გამო, მათი უმეტესობა საპენსიო ასაკამდე ვერ აღწევს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მათთვის შრომის პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის, ხელფასის გაზრდას.
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეში რამდენჯერმე ვმგზავრობთ მუნიციპალური ტრანსპორტით, სოლიდარობას ვუცხადებთ წლების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის მშრომელ, არაადეკვატურად ანაზღაურებადი სამუშაოს შემსრულებელ მემანქანეებს და ვითხოვთ მათი შრომითი პირობების გაუმჯობესებას“, - წერს „აუდიტორია 115“.
დღეს გაფიცულ მემანქანეებს პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია შეხვდნენ. მათ მემანქანეებს კომპანიასთან მოლაპარაკებისას შუამავლობა შესთავაზეს და თანხმობა მიიღეს.
თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.