თბილისის მერის, კახა კალაძისა და მეტროს თანამშრომლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კალაძემ მემანქანეებს ხელფასების გადახედვა 2019 წლიდან შესთავაზა, რაზეც მემანქანეები არ დასთანხმდნენ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და გაფიცვას აგრძელებენ.
მეტრო 4 ივნისიდან გაჩერებულია. მემანქანეები გაფიცვის პარალელურად შიმშილობენ. ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.
ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე ლაშა გოგიჩაიშვილი „ლიბერალთან“ აცხადებს, რომ გაფიცვას გააგრძელებენ მანამ, სანამ რამე შეთანხმებას არ მიიღწევენ.
„გუშინ ორი შეხვედრა გაიმართა კახა კალაძესთან. თავიდან ჩვენი გამგეობის წევრები დაიბარეს მერიაში და რომ ვერ შეთანხმდენენ, მერე თავად კალაძე მოვიდა აქ. შემოგვთავაზა ასეთი რამ, რომ ხელფასების მატება იქნება 2019 წლის დასაწყისში. ამასთან, მერე იქნება საუბარი იმაზე, რამდენი იქნება მატება და როგორ. ჩვენ სამი წელია, ველოდებით და სულ გვატყუებდნენ, ახლა კიდევ ველოდოთ და მერე ისევ მოგვატყუონ?
ასე გავაგრძელებთ იმ იმედით, რომ იქნება ახალი შეთავაზება. იქნებ მოვიდნენ გონს. ორი დღეა, უკვე მეტრო გაჩერებულია. რამხელა ზარალია. ცალკე ხალხი იტანჯება. ამას დაემატა, რომ ავტობუსები უფასოდ დადიან. ეგეც ხომ ზარალია? სანამ არ მოხდება რამე შეთანხმება, მანამდე გავაგრძელებთ შეიმშილობას“, - განაცხადა ლაშა გოგიჩაიშვილმა.