მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პირველი კანდიდატები უკვე წარადგინეს. ესენი არიან: ადვოკატი პაატა შავაძე და იურისტი ზურაბ ჯორბენაძე.
როგორც საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პაატა შავაძე საადვოკატო საქმიანობას 2005 წლიდან ეწევა და 2015 წლიდან დღემდე სამჯერ დასახელდა ქვეყნის საუკეთესო ადვოკატთა შორის. ამასთან, ის ხელმძღვანელობს პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის სისხლის სამართლის ეროვნულ ცენტრს.
პაატა შავაძის კანდიდატურა საქართველოს ანტიკორუფციულმა პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნულმა ცენტრმა, ბათუმის იურიდიულმა აკადემიამ, ტელეკომპანია TV12-მა, სხვა ადგილობრივმა მედიებმა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ზურაბ ჯორბენაძეს, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის იურისტია. მისი კანდიდატურა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, პარტია „საქართველომ“ წარადგინა.
საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე 31 მაისს მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ პროკურატურა მისი შვილის საქმის არაობიექტურ გამოძიებაში დაადანაშაულა და პროკურატურასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.