„თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაგვეზრდება, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ“, – განუცხადა „ლიბერალს“ მეტროს მემანქანეების პროფკავშირის წარმომადგენელმა, ზაზა ბარბაქაძემ .
მისი თქმით, ეს საკითხი მედიაციის დროსაც დააყენეს დღის წესრიგში.
მემანქანეები ხელფასის 45%-იან ზრდას მოითხოვენ.
„პერსონალურად მეც ვეთანხმები ამ აზრს, თუმცა მსგავსი რამ მერიას ჩვენთვის არ შემოუთავაზებია. თუკი შემოგვთავაზებენ, შემდეგ გამგეობასთან გავივლით. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ პირობას, მისი არსებობის შემთხვევაში, დავთანხმდებით." - განგვიცხადა მემანქანეების პროფკავშირის „ერთობა 2013-ის“ თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემაც.
დღეს ვიცე-მერმა 2019 წლიდან მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით ზრდის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა: „რაც შეეხება 2019 წელს, მერია შეხედავს, რისი საშუალება ექნება იმისთვის, რომ მიიღოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება." - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მემანქანეებმა შიმშილობა 3 ივნისს, 15:00 საათიდან დაიწყეს. მეორე დღეა, რაც თბილისის მეტრო გაჩერებულია.