თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, მეტროს გაჩერების შემდეგ დღიური ზარალი 40-45 ათასი ლარია. მისი განმარტებით, არ შემოდის შემოსავალი, მაგრამ არც თანხა იხარჯება მეტროს ოპერირებისთვის.
„რასაკვირველია, როდესაც პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარკვეული ზარალი წარმოიქმნება, მაგრამ მე დღეს მოვისმინე კოლოსალური თანხები - 600 000 ლარზე საუბრობდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ცოტა მეტად დაფიქრდნენ, როცა განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ არ გვიჭირს საერთო ენის გამონახვა ჩვენს თანამშრომლებთან. ამ შემთხვევაში გაგვიჭირდა სახსრების გამონახვა იმისთვის, რომ მივიღოთ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მეორე დღეა, თბილისის მეტრო გაჩერებულია. თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით 3 ივნისს არასამუშაო საათებში გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. გუშინ თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.
გუშინ, გვიან ღამით თბილისის მერი კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა. თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მემანქანეები აცხადებენ, რომ მერმა მათ მხოლოდ მოთხოვნების განხილვის 2019 წლამდე გადავადება შესთავაზა და კონკრეტულად რა როგორ მოხდება, ამაზე არ უსაუბრიათ. ისინი შიმშილობას და გაფიცვას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ შედეგის მიღწევამდე სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.
მეტროს გაჩერების გამო ავტობუსით მგზავრობა უფასოა.