ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან.
„მიგვაჩნია, რომ თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი მთავარი პროკურორი ვერანაირად ვერ იქნება სამართლიანობის აღდგენის გარანტი. თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად დანიშნვის დღიდან იქცა იუსტიციის სისტემის დიქტატორად. დაიწყო პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა შევიწროვება და გაყრა სამსახურიდან. პარალელურად კი, თავისი პარტიული აქტივისტების დასაქმება, რის შედეგადაც არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე - დაქვემდებარებულ უწყებებში“, - ამბობს ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
5 ივნისს ადამიანის უფლებებზე მომუშავე 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. ისინი ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემის ძირეული ცვლილებებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფცია ყვავის, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური სტანდარტები კი უგულებელყოფილია.
„მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირება და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანი აშკარად მიუთითებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
„2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. დათხოვნა ოფიციალურად რეორგანიზაციის მექანიზმის გამოყენებით მოხდა. თუმცა, რეალური მიზეზი თანამშრომლების მიერ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტები იყო.
მედიაციის სახლის მენეჯერის, ანა სუბელიანისა, და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერის, თამაზ ახობაძის, ინიციატივით საქმის წარმოება სასამართლოში დაიწყო - მომჩივანებმა საქმე იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ სამივე ინსტანციაში მოიგეს.
სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 9 მარტს სრულად დააკმაყოფილა ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის სარჩელი.იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრს დაზარალებულთათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ უკანანოდ და ბათილად ცნო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები.
2017 წლის დეკემბერში აღსრულების ეროვნულ ბიუროს ოფიციალური სააღსრულებლო ფურცელი ჩაბარდა, თუმცა, გადაწყვეტილება აღსრულებული დღემდე არ არის.
ანა სუბელიანს უკვე დაუბრუნდა სააღსრულებლო ფურცელი, რომელშიც ნათქვამია, რომ მას სამსახურში ვერ აღადგენენ, რადგან მისი პოზიცია გაუქმდა. თუმცა, ანა სუბელიანის, მედიციის სახლის მენეჯერის, პოზიციის გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. რაც შეეხება თამაზ ახობაძეს - ცენტრის თამაშრომელმა, რომელიც მის პოზიციაზე იყო დასაქმებული,თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა და ახობაძის საქმეზე მიღებული აღდგენის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ითხოვა. მისი სარჩელი დაკმაყოფილდა.
სუბელიანმა და ახობაძემ პროკურატურას გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო მიმართეს, თუმცა, მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცადებაში.