დღეს ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველის ოფისში სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული. ოფისის დატოვების შემდეგ მან და მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, სახალხო დამცველი ოთხ განცხადებას სწავლობს, თუმცა მისი შეფასებით ეს განცხადებები მხოლოდ განცხადებებია და მტკიცებულებები არ ახლავს.
გაბუნიას თქმით, საქალაქო სასამართლოში სარჩელს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის 8 ივნისს შეიტანენ. მან არ დაასახელა პირები, ვისაც ზვიად დევდარიანი უჩივის, თუმცა აღნიშნა რომ სულ 8 პირი იქნება და „საქმე იქნება ძალიან სკანდალური".
„ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სარჩელს პატივისა და ღირსების შელახვის საქმეზე. კონკრეტულ ადრესატებს დღეს ვერ გეტყვით,ამ სუბიექტებს ორ დღეში დავასახელებთ. ამ ეტაპზე გეტყვით, რომ ეს სუბიექტები იქნებიან ის პირები, რომლებმაც ეს კამპანია დაგეგმა. ეს იყო მიზანმიმართული კამპანია, იმ მიზნით, რომ დევდარიანს საზმაუს ბორდის წევრობიდან კანდიდატურა მოეხსნა. 8 ივნისს შევიტანთ სარჩელს და გავაჟღერებთ ფიზიკურ პირების სახელებს, ვინც დევდარიანის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა. სასამართლოში მთელი ეს სქემა იქნება წარდგენილი.
იქნება დაახლოებით 8 პირი. ამ ეტაპზე არ მინდა, მათი დასახელება. იქნება სკანდალური პროცესი, ერთ მინიშნებას გეტყვით, ესენი არიან იმ ჯგუფის წევრები, ვინც დაგეგმა საზმაუს ბორდში თავისი კანდიდატის გაყვანა", - აღნიშნა გაბუნიამ.
ამ თემაზე საუბრისას მან ბორდის წევრი ნინია კაკაბაძე ახსენა, თუმცა უცნობია, არის თუ არა კაკაბაძე იმ პირთა სიაში, ვის წინააღმდეგაც დევდარიანი სარჩელს შეიტანს.
გაბუნიამ ასევე ისაუბრა მიმდინარე საქმეებზე, კერძოდ, შს სამინისტროში ადევნების ფაქტზე დაწყებულ საქმეზე და იმ განცხადებებზე, რომლებსაც ომბუდსმენი სწავლობს.
მისი თქმით, განმცხადებლებს ომბუდსმენისთვის არანაირი ფაქტი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი, მიმოწერა ან სქრინი არ წარუდგენიათ. „არის განცხადებები მტკიცებულებების გარეშე", - თქვა გაბუნიამ.
„დღეს ოფისში ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოიკითხა ზვიად დევდარიანი. თავიდან იყო საუბარი, რომ რამდენიმე ათეული ქალი არსებობს და სულ ოთხი განცხადებაა შემოსული. ჩემი ადვოკატის მოლოდინი იყო, რომ უფრო მეტი მტკიცებულება იქნებოდა. არათუ მტკიცებულება საერთოდ არანაირი მტკიცებულება რ არის, არის მონაყოლი ამბები. რაც ყველაზე მთავარია, სამი-ოთხი-ხუთი წლის წინანდელ ფაქტებზეა საუბარი. ჩვენ განცხადება ომბუდსმენის მიმართ არის ის, რომ რაც შეიძლება მალე დადონ დასკვნა. არანაირ შევიწროებასა და დისკრიმინაციას, ჩვენი შეფასებით, ადგილი არ ჰქონია. აქვე მივმართავთ შს სამინსიტროს - დიდი ხანია იძიებს ამ ფაქტს, გამოკითხვიდან თვე-ნახევარი გავიდა და არანაირი პასუხი არ გვაქვს შს სამინისტროდან.
არანაირი ფაქტი აუდიო-, ვიდეოჩანაწერი, მიმოწერა სქრინი, არაფერი არ არის წარდგენილი. არის განცხადებები მტკიცებულებების გარეშე“- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.