„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და 10 ივნისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
„კვირას, 4 საათზე ყველას გელოდებით პარლამენტის წინ. გამოვუცხადოთ თანადგომა შვილმოკლულ მამებს და გამოვუცხადოთ სოლიდარობა ხელისუფლებისგან გულმოკლულ საქართველოს. შესაბამის სტრუქტურებში აქციის გამართვის შესახებ განაცხადი „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით შედის. ეს იქნება უკიდურესად მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული მიტინგი“,- განუცხადა ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლა და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ ხელისუფლებას ვადა 10 ივნისამდე მისცა. მისი მოთხოვნა მოზარდის მკვლელისა და ყველა იმ ადამიანის დასჯაა, ვინც ამ საქმეში რაიმე ფორმით მონაწილეობდა.