ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის 2018 წლის ლაურეატი გახდა მწერალი, გერმანისტი, გერმანული ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი, ნაირა გელაშვილი.
საზეიმო დაჯილდოება გაიმართება 2018 წლის 13 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართულ პავილიონში, ხოლო თბილისში - 2018 წლის ბოლოს საქართველოს მწერალთა სახლში.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი უკვე მეექვსედ გასცემენ გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას.
როგორც თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თუკი დღეს ქართულად გვაქვს ბრწყინვალედ თარგმნილი რაინერ მარია რილკე, ფრიდრიჰ ჰიოლდერლინი, თომას მანი და კიდევ ბევრი სხვა გერმანულენოვანი ავტორი, ეს სწორედ ნაირა გელაშვილის დამსახურებაა.
"იგი მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ლიტერატურის ისტორიას და ამასთანავე, თვითონვე თარგმნიდა ამ ლიტერატურის გამორჩეულ ნიმუშებს.
სწორედ ნაირა გელაშვილის სახელს უკავშირდება გივი მარგველაშვილის ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი თარგმანი და გამოცემა ქართულ ენაზე. მან თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა მისი მინიატურები. ნაირა გელაშვილის ბრწყინვალე თარგმანები ყველაზე ადეკვატურად ასახავენ გივი მარგველაშვილის ორიგინალური (გერმანული) ტექსტების ურთულეს ნიუანსებს.
ნაირა გელაშვილის ლიტერატურულ შემოქმედებაზე გერმანელ მკითხველს მკრთალად, მაგრამ მაინც შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას ორი ნაწარმოები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული წიგნის ხელშეწყობით ითარგმნა და გამოიცა გერმანულ ენაზე. ესენია, მისი რომანი ,,მე ის ვარ“ და ვრცელი მოთხრობა ,,მივემგზავრები მადრიდს“. (მთარგმნელი ლია ვიტეკი, გამომცემლობა „ზუნდერმაიერ ფერლაგი“).
ამგვარად, სიმბოლურია ნაირა გელაშვილის გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება 2018 წელს, მაშინ, როდესაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება". - ნათქვამია განცხადებაში.