„ვერავინ იტყვის, რომ დათო ვინმეს ჩაგრავდა სკოლაში. ყველა მასწავლებელს უყვარს. ის იყო ბავშვი პოზიტივი. თვითონაც ხშირად მღეროდა ხოლმე, მე ბიჭი პოზიტივი ვარო. იყო საოცრად მეგობრული, მხიარული, საოცარი იუმორის გრძნობის მქონე. იყო სპორტულ ცხოვრებაში ჩართული, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიების მოთავე. ერთადერთი შენიშვნა, რომელიც დისციპლინის მხრივ გვქონდა, ბუფეტს უკავშირდება - საჭმელად ჩასული ხანდახან გაკვეთილზე შესვლას ცოტათი აგვიანებდა ხოლმე. სულ ეს არის, რაც დათოს ისტორიაში შენიშვნის სახით იძებნება“ - განუცხადა „ლიბერალს“ 51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ უფროსები ასე უპასუხისმგებლოდ და სკოლასთან გადაუმოწმებლად ავრცელებენ დათოს შესახებ მოგონილ ისტორიებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის, მამა ზაზა სარალიძემ 51-ე სკოლის ადმინისტრაციისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა: „ვრცელდება Facebook-ზე და სხვაგან ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი გამომძალველი ყოფილა, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს, თითქოს მოძალადე ყოფილა".
როგორც სარალიძემ თქვა, 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა გამოააშკარაოს, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.
„აბსოლუტურად არავინ არაფერი დამალოს. თუ ამ სკოლაში ძალადობები ხდება, დამეთანხმებით, სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ვერ ვხედავ ვერც ერთის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის ბიოგრაფია (თუ, რაც გნებავთ, ის დავარქვათ), ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. დაუყოვნებლივ გააკეთონ განაცხადება ამასთან დაკავშირებით. თქვან, იყო თუ არა დამნაშავე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.