ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული თენგიზ კალანდიას ადვოკატი, დარეჯან ბუცხრიკიძე კალანდიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს დაკავებული მერაბ მორჩაძის ნათესაურ კავშირს ადასტურებს.
„ის ნათესაურ კავშირში არის თენგიზ კალანდიასთან. არ უარყოფს, მაგრამ თვალით არ უნახავს ალბათ, ბოლო ათი წელია. თენგიზ კალანდია დაკავებულია 3 დეკემბრის შემდეგ და რა იცის მან, რა მოხდა. დაკავების შემდეგ მის ოჯახთან რა კომუნიკაცია ჰქონდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, ჭორის დონეზე რაც მოვისმინე, ვერ გავიმეორებ. მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, ყველაფერი ცნობილი გახდება ცოტა ხანში. ვერ გეტყვით ზუსტ დეტალებს, თუმცა მალე საზოგადოებიათვის ეს ფაქტი ცნობილი გახდება. დაველოდოთ, თვითონ იტყვის გამომძიებელი, თუ რისთვის დააკავეს ის. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ესაა ოჯახის ახლობელი, თუ რა მოხდა ამაზე გამოძიება გვეტყვის“, – განუცხადა პირველ არხს ბრალდებულის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ, - „ვერაფერს დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, მას სხვაზე მოეხდინა ზეწოლა, თუმცა კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე არ მოუხდენია, ვერ გეტყვით“.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ დღეს მერაბ მორჩაძე დააკავა. მორჩაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის ქვისლი, თენგის კალანდია დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 4 დეკემბერს დააკავეს.