Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

9 უპასუხო კითხვა - მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

10 ივნისი, 2018 17:00

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით კითხვები პირველივე დღეებში გაჩნდა. ყველაფერს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ის, რომ საქმე არასრუწლოვნებს ეხებოდა და სასამართლო პროცესები საზოგადოებისთვის დახურული იყო, მხარეებს კი გაუთქმელობაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი. 

წარმოგიდგენთ კითხვებს, რომლებზე პასუხებიც ამ დრომდე უცნობია: 

1. რამდენი პირი მონაწილეობდა დავით სარალიძის დაჭრაში და ვინ მოკლა იგი? - გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ვარაუდობდა, რომ აღნაგობის გამო მის შვილს მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. მისი ეჭვები დაადასტურა სასამართლოს განაჩენმაც - მოსამართლემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი შეუცვალა და განზრახ მკვლელობის ნაცვლად მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსამართლის აზრით, სარალიძის მკვლელობაში სხვა პირი ან პირებიც მონაწილეობდნენ. 

2. რა საგნით/საგნებით დაჭრეს დავით სარალიძე? - საქმეში მხოლოდ ორი დანაა. პროკურატურის ვერსიით, ერთი დანით ლევან დადუნაშვილი მოკლეს, მეორე დანით კი - დავით სარალიძე. „რუსთავი 2-მა“ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, დანების მჭრელი პირის სიგრძე და სასიკვდილო ჭრილობების სიღრმე ერთმანეთს არ ემთხვევა. დასკვნით ირკვევა, რომ ჭრილობები უფრო ღრმაა. ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ვარაუდობს, რომ მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი სამკუთხა ნივთია. 

3. დაიჭრა თუ არა ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი მოზარდი? -  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა. თუმცა პროკურატურამ ეს ფაქტი უარყო. ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგებითა და მოწმეთა ჩვენებებით, საქმის მასალებში შესაძლო სხვა დანაშაულის (დაჭრის) ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა. თუმცა ამაზე გამოძიება არ ჩატარებულა. 

4. რატომ და ვისი მითითებით დაანგრიეს შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდული? - შემთხვევიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ დაანგრიეს ფარდული, რომელშიც, საქმის მასალების მიხედვით, დავით სარალიძე დაჭრეს. ზაზა სარალძის ადვოკატი ამბობს, რომ ფარდული უნდა დალუქულიყო, როგორც ერთ-ერთი ნივთმტკიცება.  დავით სარალიძის მამა კი ამბობს, რომ ფარდულის დანგრევის ბრძანება შსს-ს თანამშრომელმა გასცა. უცნობია, ვის და რატომ დასჭირდა ერთ-ერთი ძირითადი მტკიცებულების განადგურება.

5. რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ჩხუბში მონაწილე ყველა პირის ტანსაცმელი? - ეს საგამოძიებო მოქმედება ჩხუბში მონაწილე სხვა პირთა მიმართ ჩატარდა, თუმცა ერთი მოზარდის მიმართ - არა.  

6. რატომ არ გამოკითხეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მოწმე?-  არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ მოწმეთა უმრავლესობა არ იძლეოდა ჩვენებას. ომბუდსმენის ინფორმაციით კი, მოწმეთა დაკითხვის დროს არ დასმულა ის კითხვები, რაც დააზუსტებდა ან გამოავლენდა აღნიშნული ან სხვა პირების როლს დანაშაულის ჩადენაში. გარკვეული მოწმეები კი, რომელთაც, მაღალი ალბათობით, ჰქონდათ გამოძებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არიან დაკითხულები ან გამოკითხულები.

7. რა გავლენა მოახდინა საქმეზე მირზა სუბელიანმა? - პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ბიძა და ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის მამაა. ის თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა, თუმცა ამ საქმის არასათანადო გამოძიებას ზაზა სარალიძე მაინც მას უკავშირებს. 

8. რატომ დააკავეს სუბელიანი 6 თვის შემდეგ? - მიუხედავად ზაზა სარალიძის არაერთი განცხადებისა, რომ მირზა სუბელიანი საქმის მტკიცებულებებს ანადგურებდა და სიმართლეს ფარავდა, გამოძიება მისით არ დაინტერესებულა. ის მას შემდეგ დააკავეს, რაც ზაზა სარალიძემ შსს-ს საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად დრო 10 ივნისამდე მისცა. სარალიძის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება სუბელიანს მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

9. ვის ინტერესს ემსახურება ხორავას ქუჩის მკვლელობის არასრული გამოძიება და რატომ? - ეს ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. ზაზა სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის შეფასებით, საქმეზე ჭეშმარიტება მანამდე ვერ დადგინდება, ვიდრე ყველა ის პირი არ გამოაშკარავდება, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო საქმეზე გავლენა მოახდინა. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რეალური დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა. 

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ამ წუთებში რუსთაველზე აქცია მიმდინარეობს. მას მერე, რაც გამოძიებამ პროკურატურიდან შსს-ში გადაინაცვლა, ხელახლა დაკითხეს მოწმეები. დააკავეს ორი პირი - მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^