გუშინ, 9 ივნისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. გამოძიება მას დანაშულის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
სუბელიანის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, 29 მაისს გადაცემა „რეაქციაში“ თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ კი ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „მირზა სუბელიანი იმდენად არ იყო შემხებლობაში ამ საქმესთან, იმდენად არაინფორმატიული იყო მისი ჩვენება, რომ დაცვის მხარემაც კი არ ისურვა მისი დაკითხვა სასამართლოში“.
ჟურნალისტი: დაკითხეთ თუ არა მირზა სუბელიანი, რომელიც მისული იყო, ამ კადრებშიც ჩანს და სხვათა შორის საუბარი არის მტკიცებულებების გადაყრაზე და ნივთმტკიცებების განადგურების მცდელობაზე. ზუსტად იმ დროს, როცა მირზა სუბელიანი მიდის თავისი ცოლის დისშვილის სახლში (რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო, რომ იქ მიეყვანა ბავშვები), დაკითხეთ თუ არა მირზა სუბელიანი?
თბილისის პროკურორი: მირზა სუბელიანის თანდასწრებით დაიკითხა მისი შვილი უშუალოდ დანაშაულის შესახებ. მირზა სუბელიანი იმდენად არ იყო შემხებლობაში ამ საქმესთან, იმდენად არაინფორმატიული იყო მისი ჩვენება, არათუ ჩვენ - ახლა ვიტყვი ერთ გარემოებას - დაცვის მხარეს მირზა სუბელიანი ჰყავდა დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი სასამართლოზე და დაცვის მხარემ მოხსნა ის დასაკითხ პირთა სიიდან, დაცვის მხარემაც კი არ ისურვა მისი დაკითხვა სასამართლოში იმდენად არაინფორმატიულია და არაფერი იცის ამ კაცმა ამ საქმეზე.