პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი სიტყვით გამოვიდნენ.
ზაზა სარალიძემ სიტყვით გამოსვლამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გომბორის გზაზე დაღუპულებს. მან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა. სარალიძე წულუკიანის, „რომელმაც ტაშ-ფანდურით გააცილა შოთაძე“, გადადგომასაც მოითხოვს - „ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ იქნება პროკურორი!“.
„რადგან ასე ისმის ამ დღეების განმავლობაში, თითქოს ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცა, მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გამოვიდეს აქ, ჩვენთან ერთად დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს უსამართლობას. ჩვენთვის ყველას კარი ღიაა, ვისაც სამართლისთვის ბრძოლა სწყურია, მოვიდეს ნებისმიერი, ჩვენ ხელს არავის ვკრავთ. თუ გული უცემთ და ჩვენი შვილების გამო გული შესტკივათ, მოვუწოდებ, მოვიდნენ აქ.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ჩემი შვილის მკვლელობის გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო გახარიას უწყებამ და რამდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას. ანუ გახარიას უწყებამ პირველმა დაიწყო საქმის გაყალბება და ბოლოს, როდესაც ქუჩაში მომიწია თქვენი დახმარებით გამოსვლა, ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას - არ ვენდობი მის უწყებას, მაგრამ გადავდგი ნაბიჯი, მივეცი დრო, კონკრეტული ნაბიჯები რომ გადაედგათ, ამის ნაცვლად ისევ გააგრძელეს ჩემი შვილისა და მაჩალიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
თემირლან მაჩალიკშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გამოვიდა და ხალხს მიმართა. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს უსაფრთხოების სამსახურის ზემდგომი პირები, გომელაური და გოგაშვილი. „ ყველა დამნაშავე ჯგუფი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ზემდგომები, გომელაური, გოგაშვილი, ის ადამიანები, რომლებიც ზაზას შვილის მკვლელებს ხელს აფარებდნენ და საზიზღრობას აკეთებდნენ“, - თქვა მან და მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის. ______________________________________________________________________ |
რუსთაველზე აქცია „ნუ მომკლავ“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები არიან.
ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს 4 ივნისს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სარალიძემ განაცხადა, რომ ის 10 ივნისამდე აძლევდა ვადას ხელისუფლებას, რათა საგამოძიებო უწყებებს ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ.
გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის შსს-მ ორი პირი დააკავა.
მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.
გუშინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მირზა სუბელიანის დაკავების შესახებ განაცხადა, ეს ნაბიჯი მისასალმებელია, თუმცა მისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ ის დღევანდელ აქციას შეუერთდება.