ამ წუთებში ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
დევდარიანი მათ ღირსებისა და პატივის შელახვას ედავება.
აქამდე უცნობი იყო მათი ვინაობა, ვის წინააღმდეგაც დევდარიანი სარჩელს ამზადებდა. ამჯერადაც ის მხოლოდ სარჩელის 8 ადრესატს ასახელებს. ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან (მათი, ვინც დევდარიანს შევიწროებაში სდებს ბრალს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით), თავს იკავებს.
ხოლო ვისაც ასახელებს, არიან:
1. „ტაბულას" დირექტორი - თამარ ჩერგოლეიშვილი
2. კავშირ საფარის ხელმძღვანელი - ბაია პატარაია
3. ჟურნალისტი - ნინო დანელია
4. ექიმი - თამარ ყურაშვილი
5. „ევროპული საქართველოს“ წევრი - თამარ კაკაბაძე
6. ქალთა მოძრაობის წევრი - იდა ბახტურიძე
7. ეკატერინე ონიანი
ამასთან ერთად დევდარიანი მოითხოვს ინტერნეტგამოცემა ტაბულამ უარყოს გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ზვიად დევდარიანის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, მისი განცხადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ნინია კაკაბაძეს ეხებოდა, არასწორად გავრცელდა, ადვოკატი ამბობს, რომ ნინია კაკაბაძე დაიკითხება როგორც მოწმე და არა როგორც მოპასუხე.
მე არ ვაპირებ, მივიღო მოცემულობა, როდესაც ფეისბუქჯგუფები წყვეტენ, რა არის სექსუალური შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ - მსხვერპლი. ეს უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად. - უთხრა ჟურნალისტებს ზვიად დევდარიანმა.
მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეებმა, რომელთა შორისაც არიან პოლიტიკური ჯგუფებიც, ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს. მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჩემს რეპუტაციას, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს - თქვა დევდარიანმა.
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანის პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს, მიმართონ შსს-ს.
3 აპრილს დევდარიანმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბრალდებები უარყო და თქვა, რომ პატივისა და ღირსები შელახვისთვის სასამართლოში იბრძოლებს.