თბილისის ზოოპარკის facebook გვერდის ინფორმაციით, ცაგერიდან ჩამოყვანილი დათვის ბელი, რომელსაც ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა, ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა და ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო. გთავაზობთ ზოოპარკის პოსტს ცაგერიდან ჩამოყვანილ „გარინჩაზე":
„ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ზუსტად შესაფერისი დროა იმისთვის, რომ გარინჩა გაგაცნოთ.
გარინჩა დაობლებული დათვის ბელია. ცაგერიდან ჩამოიყვანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ზოოპარკში მოგვაბარა.
მისი მოსახელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი გარინჩა კოჭლი იყო. მარცხენა ფეხი მარჯვენაზე მოკლე ჰქონდა.
ჩვენი გარინჩაც კოჭლი მოგვიყვანეს. ტრავმირებულ თათს საერთოდ ვერ იყენებდა.
ამიტომაც დავარქვით ეს სახელი.
ფეხბურთელ გარინჩაზე ექიმები ამბობდნენ, სიარულს თუ შეძლებს, უკვე დიდი ბედნიერება იქნებაო.
ჩვენი გარინჩაც არც ისე იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ფეხის გარდა ნერვული პრობლემებიც ჰქონდა. უკანა ფეხებზე რომ დგებოდა, თავი უკანკალებდა. შეშინებული და დასტრესილი იყო. გალიიდან საერთოდ არ გამოდიოდა. ადამიანებს უფრთხოდა და იმალებოდა. თავიდან მის სასეირნოდ გამოტყუებას საათები სჭირდებოდა. მერე ნელ-ნელა ამოძრავდა. ფეხიც მოურჩა. ცოტა ხანში სხვა ბელებთან თამაშიც დაიწყო...
საბოლოოდ, ბრაზილიელი გარინჩა ყველა დროის საუკეთესო გარემარბი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.
ჩვენი გარინჩა კი უკვე მარჯვენა გარემარბიცაა, მარცხენაც, მეკარეცაა და თავდამსხმელიც. ყველაზე ყოჩაღი და გონიერი ბელია მთელ ვოლიერში. დარბის, დაცოცავს, დაძვრება და დამალულ სასუსნავებსაც პირველი პოულობს.
დასკვნა:
ერთი, რომ იმედი არასოდეს უნდა გადავიწუროთ!
და მეორე: ბელების დაობლებას უნდა შევეშვათ...", - ნათქვამია facebook-პოსტში.